Eadweard Muybridge

სანამ ვიდეოზე მუშაობას დავიწყებთ, რომელიმე 2D ან 3D რედაქტორში, პროექტის შექმნისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კადრების სიხშირის სწორი შერჩევაა.

კადრის სიხშირე (Frames per Second) გამოხატავს სტატიკური კადრების რაოდენობას დროის ერთეულში და მისი სტანდარტული საზომი ერთეულია „კადრი წამში“. კადრის სიხშირის ერთეულის აღსანიშნავად კინომატოგრაფიაში, სატელევიზიო სივრცესა და კომპიუტერულ სფეროში გამოიყენება აბრევიატურა FPS.

კადრის სიხშირის ცნება პირველად ინგლისელ-ამერიკელმა ფოტოგრაფმა Eadweard Muybridge-მა, ცხოველების მოძრაობის კვლევისას გამოიყენა. ის ატარებდა ექსპერიმენტებს რამდენიმე ფოტოსგან, მოძრავი კადრების (იგივე ვიდეოკადრების) მისაღებად.

Eadweard Muybridge – Animal locomotion

რაც უფრო მეტია კადრების სიხშირე დროის ერთეულში მით უფრო გლუვი და თვალისთვის სასიამოვნოდ აღსაქმელია სურათი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კადრების დიდი რაოდენობის არჩევა ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა. კადრების სიხშირის შერჩევისას ყოველთვის უნდა ვიხელმძღვანელოთ პროექტით რომელზე მუშაობასაც ვიწყებთ და ამ პროექტის მიზნობრიობით, იქნება ეს გათვლილი სატელევიზიო, სოციალური ქსელის ან სხვა ფორმატისათვის.

15 FPS / 30 FPS / 60 FPS

დღესდღეობით კინომატოგრაფიასა და სატელევიზიო სივრცეში SMPTE (Society of Motion Picture and Television Editors)-ის მიერ დადგენილი რამდენიმე სტანდარტი არსებობს.

კინომატოგრაფიაში საერთაშორისო მასშტაბით მეტწილად 24 FPS გამოიყენება და მსოფლიო კინოთეატრების უმეტესობაც ფილმების ჩვენებას ამ ფორმატით ახდენს.

რაც შეეხება სატელევიზიო სივრცეს, აქ არ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტი. კადრების სიხშირე ამ შემთხვევაში რეგიონებისთვის დამახასიათებელი სატელევიზიო სიგნალის სიხშირის მიხედვით განსხვავდება. ევროპის რეგიონისთვის დამახასიათებელია  PAL  სტანდარტი რომელიც 25 FPS გულისხმობს, ხოლო ამერიკისა და იაპონიის რეგიონისთვის  NTSC  რომელის კადრების სიხშირეც – ძველი სტანდარტით 24 FPS იყო, ხოლო დღესდღეობით ის 30 FPS ან უფრო მეტია.

მათთვის ვისთვისაც კადრების სიხშირე ახალი ცნებაა ყველაზე მეტ დაბნეულობას 23.976 FPS / 24 FPS და ასევე 29.97 FPS / 30 FPS შორის სხვაობა იწვევს. ძველ დროში როდესაც სატელევიზიო მაუწყებლობა მხოლოდ შავთეთრი იყო კადრების სიხშირე ზუსტად 30 FPS (სატელევიზიო სიგნალის სიხშირის ნახევარი – 60 Hz / 2) იყო.  ხოლო მას შემდეგ რაც მაუწყებლობა ფერადი გახდა, შეიცვალა სატელევიზიო სიგნალიც (59,94 Hz) და საჭირო გახდა  კადრების სიხშირის .03 კადრით შემცირება , ამიტომ დღევანდელი სტანდარტი ამერიკული ბაზრისთვის 29.97 FPS-ია.

ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ რომ ძალიან პატარა სხვაობაა ამ ციფრებს შორის და მათი დამრგვალებაც გადაწყვიტოთ, მაგრამ შეიძლება ამან გამოიწვიოს ხანგრძლივობის ან ვიზუალის და ხმის სინქრონის პრობლემა.

რაც შეეხება 59.94 FPS / 60 FPS-ს, ის ხშირად გამოიყენება მაღალი გარჩევადობის, ამერიკული სტანდარტის სატელევიზიო მაუწყებლობაში. ასევე საკუთარი კონტენტის შექმნისას ამ სიხშირეს ხშირად იყენებენ ვლოგერები და იუთუბერები, რადგან დღეს უკვე ბევრი თანამედროვე კამერა იძლევა ამ ფორმატში გადაღება/დაკვრის საშუალებას.

ზედმეტი ტექნიკური დეტალებისგან თავი რომ არ შევიწუხოთ, შეგვიძლია მოკლედ ასეც ჩამოვაყალიბოთ:

23.976 FPS  / 24 FPS იმ შემთხვევაში თუ მუშაობთ ფილმზე, ან უბრალოდ გინდათ რომ თქვენს პროექტს მისცეთ ფილმის ვიზუალის მიმბაძველობა.
25 FPS პროექტების უმეტესობა ლოკალური ბაზრისთვის ამ კადრების სიხშირით მზადდება რადგან ამ ეტაპზე საქართველოში ყველა ტელევიზია მაუწყებლობს 25 FPS სიხშირით.
29.97 FPS / 30 FPS გრაფიკულ ანიმაციებზე ან ვიდეოფაილებთან მუშაობისას მაშინ როდესაც თქვენი პროექტი გათვლილია სოციალური ქსელისთვის ან ამერიკულ სტანდარტებზე მომუშავე მაუწყებლობებისთვის.
59.94 FPS / 60 FPS თუ თქვენი პრიორიტეტი სოციალური ქსელისთვის ან შესაბამისი თავსებადობის მქონე ტელევიზიისთვის კონტენტის მომზადებაა.